აფხაზური მხარის გადაწყვეტილებას საფუძველი ცალკეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და სულელურმა განცხადებებმა მისცა , - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აფხაზური მხარის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი პიშკევიჩი არასასურველ პირად გამოცხადდა.
ბოკერია აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ ინიციატორად რუსეთს ასახელებს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კომპრომენტირებისა და დასუსტების მცდელობა.
"თუმცა, ამას ვერ მიაღწევენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოკავშირეები სათანადო რეაგირებას მოახდენენ", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია სტაბილურობის თვალსაზრისით.
უშიშროების საბჭოს მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს საფრთხე არ დაემუქრება.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი პიშკევიჩი გუშინ არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა.