რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შეათანხმეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც წინასწარვე იყო ცნობილი დიმიტრი მედვედევი გახდება. კაბინეტის წევრების შემადგენობა კი მაისის დასაწყისამდე არ გამჟღავნდება.
ამის მიუხედავად, რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობილია თუ ვინ შეინარჩუნებს პოსტს ახალ კაბინეტში. თუმცა, რუსული მედია აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა რუსული საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი გაკვირვოს.
პუტინის მიერ ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის შექებამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კერძოდ, ხომ არ აიძულებს პუტინი მედვედევს კუდრინის მინისტრთა კაბინეტში შეყვანას. თავად ექს-ფინანსთა მინისტრი ახალ კაბინეტში მუშაობს კატეგორიულად გამორიცხავს.
თუმცა რუსული მედია ასევე წერს, რომ ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი თანამდებობას შეინარჩუნებს, ხოლო მრეწველობის მინისტრად მისი მოადგილე დენის მანტუროვი დაინიშნება. პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს იგორ შუვალოვიც. მას სახელისუფლებო წრებში მაღალეფექტურ კადრად მიიჩნევენ. მის უმთავრეს დამსახურებად რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება სახელდება.
სხვა, ამჟამად მომქმედი, მინისტრების ბედი ჯერაც გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის მინისტრი ელვირა ნაბიულინა ახალ მთავარობაში ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს და "სოციალურ-ეკონომიკურ" სფეროებს მიხედავს. არ არის გაამორიცხული რომ მან ეკოონომიკის მინისტრის სავარძელი შეინარჩუნოს, ხოლო ვიცე-პრემიერად მედვედევის თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი დაინიშნოს. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ტატიანა გოლიკოვას მას პოსტზე დარჩენასაც უწინასწარმეეტყველებენ და თანამდებობის დაკარგვასაც. შესაბამისად, მისი მომავალი ჯერაც გაურკვეველია.
არ არის გამორიცხული ახალ მთავრობაში ძალოვანებს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა უხელმძღვანელოს. როგოზინი თავადაცვის მინისტრადაც განიხილება.
საუბარია უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლაზეც. ალექსანდ ბორტნიკოვი, შესაძლოა, უშიშროების საბჭოში გადავიდეს, ხოლო სამსახურის უფროსად ორი კანდიდატურა იგორ სეჩინი და სერგეი კოროლიოვი განიხილებიან.
გადაწყვეტილ საკითხად მიიჩნევა შინაგან საქმეთა მინისტრად სახელმწიფო ნარკოკონტროლის ხელმძღვანელის ვიქტორ ივანოვის დანიშვნა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კი ვლადიმერ პუჩკოვი უხელმძღვანელებს.
თანამდებობაზე არ დარჩებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ელენა სკრინიკი, ტრანსპორტის მინისტრი ეგორ ლივიტინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრეი ფურსენკო და გარემოს დაცვის მინისტრი იური ტრუტნევი.
ამ ფონზე რუსული მედია აღნიშნავს, რომ "გაჟონილი" ინფორმაცია მხოლოდ "კვამლია" და 8 მაისს პუტინი "ბევრს გააოცებს".