ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5 კვარტალში დღეს დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაასამართლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული ლაშა გოგორელიანის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ლაშა გოგორელიანმა და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს, ამჟამად კი ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილნი, სადაც ადმინისტრაციული წარმოება გაიმართება.
ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სამართალწარმოება გამორიცხულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კი ფულად ჯარიმას ან 90 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების ყოფილი მსახიობის და ამჟამად ბერა ივანიშვილის სტუდია Georgian Dreams Studio-ს წარმომადგენლის, ლევან გოგორელიანის ძმა ლაშა გოგორელიანი და მისი სამი მეგობარი ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5 კვარტლის ეზოდან დღეს შუა დღისას აიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მსხდომ ახალგაზრდებთან ოცამდე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მივიდა. ისინი ავტომანქანებში ჩასვეს და პოლიციის ძველი თბილისის რაიონულ სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან წაყვანილია ლევან გოგორელიანის კუთვნილი ავტომანქანაც, რომელშიც დაკავების მომენტში ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.