დღეს, 19 აპრილს, 11:00 საათზე, თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს მარიამ მახარაშვილის და ნანა ცატავას სარჩელს დუტა სხირტლაძის წინაღმდეგ. საქმეს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს"კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა კაპელდინერებმა, მარიამ მახარაშვილმა და ნანა ცატავამ, თეატრის მმართველს სასამართლოში უჩივლეს.
როგორც მახარაშვილმა განაცხადა, სხირტლაძეს მათთვის 3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
"მეც და ნანა ცატავასაც 1 600 ლარი გვაქვს ასაღები, თითოეულს. თეატრში 2 წელი ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში დუტამ მხოლოდ ორჯერ მოგვცა ხელფასი 100-100 ლარის ოდენობით. სანამ ჩამოდიოდა, რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ ხელფასები მოეცა. ახლა აღარც ჩამოდის, არც ტელეფონს პასუხობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სასამართლოსთვის მიგვემართა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის იურისტებმა სარჩელი შეგვიდგინეს და სასამართლოში შევიტანეთ", - განაცხადა მახარაშვილმა.
ეს უკვე მეოთხე სარჩელია, რომელიც თელავის თეატრის თანამშრომლებმა დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სასამართლოში შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი არ დაუდგამთ. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი.