თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 1995 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან გაბო ლ.-ის მიმართ. საქმე ეხება ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულს, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ცნობილია, რომ ნიკოლოზ მ.-სა და გიორგი კ.-ს შორის არსებობდა უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა. 2011 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ირ. აბაშიძის ქუჩაძე, ნიკოლოზ მ. მეგობრებთან ერთად გიორგი კ.-ს შეხვდა. გიორგი კ. შეხვედრის ადგილზე რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოზარდებმა ჩხუბის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ეზოში არსებული ქვები და ხელკეტები გამოიყენეს. დაპირისპირებული მხარეების წევრები უცენზურო სიტყვების ხმამაღალი ყვირილით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებივ წესრიგს .მოზარდებს შორის დაწყებული ჩხუბი თითქოს სრულდებოდა, როდესაც მასში აქტიურად ჩაებნენ გაბო ლ. და მისი ორი მეგობარი: გლახუნა ზ. და ოთარ ს. აღნიშნულ დაპირისპირებაში მთლიანად 15 მოზარდი მონაწილეობდა. ჩხუბისას გაბო ლ.-მ გიორგი კ.-ს ზურგის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მეგობრებთან ერთად მიიმალა. გიორგი კ. სასაწრაფო- სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა ს. ხეჩენაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. აღნიშნული ჩხუბის დროს, კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.
ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, გაბო ლ.-მ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა გაბო ლ.-ს მიმართ წარდგენი ბრალი დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალის აღიარების საფუძველზე მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გაბო ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.