პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობის განხორციელებისას საქართველოს მოქალაქის პასპორტის მონაცემების მითითება საჭირო არ იქნება. აღნიშნულს ითვალისწინებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" კანონში ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას მეორე მოსმენით დაამტკიცებს.
კანონის მოქმედი რედაქცით, შემოწირულების განხორციელებისას პირი მიუთითებს სახელს, გვარს, მისამართს, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერს და პირად ნომერს.
კანონპროექტის თანახმად კი, შემოწირულობის განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნული ნორმა კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შესწორდა.