ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე აგრძელებს სამუშაო ვიზიტს სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც ბრატისლავაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს „გლობალური უსაფრთხოების" ფორუმში.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში შტეფან ფულესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან და სლოვაკეთის ვიცე- პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან.
ორმხრივ შეხვედრებზე ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეებისა, ქვეყანამ მოახერხა არსებული წინააღმდეგობების დაძლევა და წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების გზით განვითარებად ქვეყნად გარდაქმნა. ორმხრივ შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სადამკვირვებლო პროცესის განხორციელების მნიშვნელობაზე.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესსა და ჩიკაგოს სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებებზე.
გიორგი ბარამიძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, სადაც განიხილებოდა ამერიკის ახალი თავდაცვის სტრატეგია ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებთან მიმართებაში.