რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურად პასუხობს.
უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება.
რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუს და ქართველ ხალხების ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა.
ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.