საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრაზილიურ ტურნეს იწყებს. სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში მიემგზავრება, სადაც ნიკა გილაური შეხვედრებს გამართავს, როგორც ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე ბრაზილური ბიზნესის წარმომადგენლებთან.
უკვე ცნობილია, რომ 16 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს ვიცე-პრემიერი ეკატერინე ტყეშელაშვილი, ხოლო ბრაზილიის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო პატრიოტა მოაწერენ. დაგეგმილია ასევე ნიკა გილაურისა და ანტონიო პატრიოტას პირისპირ შეხვედრა. გილაური შეხვედრას გამართავს ასევე ბრაზილიის ენერგეტიკის მინისტრთან ედისონ ლობაუსთან.
17 აპრილს კი ნიკა გილაური სამთავრობო პარტნიორობის სამიტზე - OGP- სიტყვით გამოვა. აღსანიშნავია, რომ სამიტს რამდენიმე ქვეყნის პირველი პირიც დაესწრება. ცნობილია, რომ სამიტზე სიტყვით გამოვლენ ასევე ბრაზილიისა და ტანზანიის პრეზიდენტები, რომელთაც ნიკა გილაური ცალ-ცალკე პირისპირ შეხვდება და სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელებს.
OGP-ს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც დაესწრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებოდ მოწყობილ ქართულ კუთხესაც მოინახულებს და ბრაზილიაში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეეცდება.
18 აპრილს კი ნიკა გილაური ბრაზილური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. უკვე ჩანიშნულია შეხვედრა სამპაულოს მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტთან პაულო სკავისთან.
სამპაულოს მრეწველობის ფედერაცია ბრაზილიაში ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებად ითვლება, რომელიც 150 ათასს კომპანიას აერთიანებს, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებიდან.
დაგეგმილია ასევე ნიკა გილაურის შეხვედრა თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია EMBRAER-ის მეჯმენტთან.
პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გარათავს ასევე ბრაზილის აგროგაერთიანება FAESP-SENAR-ში და შეხვდება ბრაზილიის ვაჭრობის ფედერაციის წარმომადგენლებს.
ბრაზილიური ტურნეს შემდეგ, 19-20 აპრილს ნიკა გილაური აშშ-ში, კერძოდ კი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც 20 აპრილს აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან რონ კირკთან გამართავს მოლაპარაკებას.