პარლამენტში კენჭისყრების პროცედურა ჩაიშალა. სხდომათა დარბაზში სხვისი პულტების გამოყენების ფაქტი ,,ქართული დასის,, ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გააპროტესტა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ათწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ტაბლოზე პირველი რეგისტრაციის დროს 96 დეპუტატი ფიქსირდებოდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ 65 დეპუტატი იმყოფებოდა. შესვენების შემდეგ, 80-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, თუმცა დარბაზში დეპუტატების რაოდენობა არ გაზრდილა.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ბაღატურიას დათვლილს არ ემდობოდნენ და ეს საკითხი მას საერთოდ არ ეხებოდა.
დავით ბაქრაძემ შესვენება ხელმეორედ გამოაცხადა და მანდატურებს სხვისი პულტების გამოყენების საკითხის დადგენა დაავალა. შედეგად კი გაირკვა, რომ რომ დარბაზში კვორუმი არ იყო.
„რამდენიმე დეპუტატის პულტი მართლაც გამოყენებულია, მათ 1 თვის ხელფასი დაექვითებათ. მადლობა ბატონო ჯონდი, ვაფასებ, რომ პროცედურულ საკითხში დამეხმარეთ", - მიმართა ბაქრაძემ ბაღათურიას და დასძინა, რომ კენჭისყრები მომავალი სესიისთვის გადაიდო.
დღევანდელ კენჭისყრაზე კანონპროექტების გარდა სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა დაემტკიცებინათ. ამასთან, ~ქრისტიან-დემოკრატების~ ინიციატივით, კენჭისყრის შედეგად პარლამენტს, ორი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.