"რუსულიც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რუსული დღეს აღარაა პროგრესის ენა და ინფორმაციის მთავარი წყარო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდავის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო "დელტაში" სტუმრობისას განაცხადა .
მისი განცხადებით, თუკი აქამდე აბიტურიენტების ძირითადი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად რუსულ ენას აბარებდა, ახლა არჩევანი ინგლისურზე კეთდება.
"მე რომ პრეზიდენტი გავხდი სტუდენტების 80 % უნივერსიტეტში რუსულს აბარებდა, 20 % - დანარჩენ უცხო ენას. წელს 77 %-მა ინგლისური აირჩია და მხოლოდ 14 %-მა ჩააბარა რუსული. რუსულიც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რუსული აღარაა პროგრესის ენა და ინფორმაციის მთავარი წყარო. ისინიც ინგლისურს სწავლობენ. სანამ იფიქრებენ, რომ იმპერია სჭირდებათ, რუსული კიდევ უფრო და უფრო ჩამორჩება. ჩვენს შვილებს ის ენა უნდა ვასწავლოთ, რომელიც უფრო პროგრესულია", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კომპიუტერების გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაზე და შეეხო იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომელიც ზოგიერთ რაიონში უკვე მოქმედებს. მისი განმარტებით, კომპიუტერების გამავრცელებელი საზოგადოება ყველა რაიონის იუსტიციის სახლში ამოქმედდება და კომპიუტერის სწავლა ნებისმიერი ასაკის მსურველს უფასოდ შეეძლება.
"ეს ძალიან კარგი იდეაა. როგორც ილია ჭავჭავაძემ შემოიტანა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კომპიუტერი დღეს წერა-კითხვის ტოლფასია. დღეს მე უფრო მიჭირს კომპიუტერის გამოყენება, ვიდრე ჩემს 6 წლის ვაჟს. აღარ ვლაპარაკონ 16 წლის ვაჟზე, რომელიც მსოფლიო რეკორდსმენია", - განაცხადა პრეზიდენტმა.