ყველა სოფელს ეყოლება საკუთარი რაზმი და ესაა მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო "დელტაში" სტუმრობისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, რეზერვი საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. "რეზერვის სისტემის ხელახლა აწყობა დავიწყეთ. გვყავს 30-ათასკაციანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ გვჭირდება რეზერვიც. გვაქვს ფენომენალური შედეგი. ყველა სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა. აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მამაკაცების 100 %-იანი ჩაწერა იყო. ეს გამაოგნებელი შედეგი ჩვენს მტერს და მათ ქართველ აგენტებს - ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, მომავალ წელს საქართველოში 150 ათასი გადამზადებული რეზერვისტი იქნება.
"2008 წელს კარგად დავინახეთ, რომ შიდა ტერიტორიული დაცვა გვჭირდება და არავინ გააკეთებს საქმეს ჩვენ ნაცვლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადამზადების შემდეგ რეზერვისტები საქართველოში გამოშვებული იარაღით აღიჭურვონ", - განაცხადა სააკაშვილმა.