ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: საქართველოს ბედი ირანთან ომის დაწყებაზეა დამოკიდებული

რესპოდენტის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომზე საუბრობს, თუმცა ექსპერტის თქმით, ამ ომის დაწყება და საქართველოს ბედი ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზეა დამოკიდებული. ამასთან, არეშიძე სააგენტოსთვის მიცემულ ინტერიუში აცხადებს, რომ აფხაზეთში 2 ათასი სირიელი აფხაზის ჩამოსახლება იგეგმება...

- თქვენი პროგნოზები მართლდება. ბოლო დროს ძალიან ბევრისგან, მათ შორის თქვენგან, ისმის განცხადებები, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, ყოველივე ეს ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. აღნიშნული განცხადებების გაკეთების საშუალებას მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი გაძლევთ თუ თქვენი პირადი წყაროებიდანაც იღებთ ამ ინფორმაციას?

- ამ სფეროში, რასაც კონფლიქტოლოგია და სიტუაციური ექსპერტიზა ჰქვია, დაახლოებით 20 წელია ვმუშაობ და რასაკვირველია მყავს ჩემი წყაროები, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში. გარდა ამისა, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზიც ამის საშულებას მაძლევს.
გარდა ამისა, არსებობს ლოგიკა. რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხომ ყოველთვის განმეორებადია - ეს ადრეც იყო ასეთი რამ და, ამდენად, ზოგ შემთხვევაში პროგნოზირებაც მარტივია.

- ანუ თქვენი წყაროები რუსეთის მიერ ომისთვის მზადებას ადასტურებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ოფიცრებისა და გადამდგარი გენერლების პრაქტიკული მობილიზება ხდება, რომ შემოდგომაზე წვრთნა "კავკაზ-2012" უნდა გაიმართოს, ამის გამორიცხვა ალბათ არ შეიძლება. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შესაძლებლობა მაღალია?

- მნიშვნელოვანი და მთავარი - მანევრები, რომლებიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ჩრდილოეთ კავკასიაში. პირველი შემთხვევაა, რომ ამ მანევრებს სტრატეგიული ხასიათი აქვს და არა ტაქტიკური. სტრატეგიულსა და ტაქტიკურ სწავლებებს შორის განსხვავება არის თუნდაც ის, რომ სტრატეგიული მანევრები არ არის ლოკალური გეოგრაფიული სივრცისთვის განსაზღვრული, ეს არის განსაზღვრული მთლიანად მთელი რეგონისთვის. მარტივად რომ თქვა - მე რომ აქ ვატარებ მანევრებს და ჩემი მანევრები არის სტრატეგიული, ეს ნიშნავს, რომ მოქმედების არეალი შეიძლება იყოს მთელი რეგიონი.

გარდა ამისა მოხდა ის, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში განლაგებული ჯარების თითქმის მთლიანი გადაიარაღება მოხდა. თუ ადრე მართლა ჟანგიანი ტანკები ჰქონდათ რუსებს, 2008 წლიდან დღემდე მთელი რუსული არმიის 10 % გადაიარაღებულია. სამხრეთ სამხედრო ოლქის ზოგიერთი ნაწილის გადაიარაღება მოხდა, ზოგის 40 % -ით, ზოგის კი 100 % ით.

მთლიანად შეიცვალა საავიაციო პარკი, ძალიან შეიცვალა ოფიცერთა შემადგენლობა. ცნობილი 58-ე არმიის გვერდით ჩემოყალიბდა კიდევ ახალი 49-ე არმია. გარდა ამისა, შეიქმნა სამთო-მსროლელი ბატალიონები, რომლებიც ადრე არ იყო რუსულ არმიაში.

დღეს, ამ წუთში, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, დაახლოებით 500-მდე მედესანტე ალაგირის ბაზაზე გადის წვრთნებს სადაზვერვო-სადესანტო შენაერთში. ეს არის მზვერავები რომლებიც ყველა ოლქებიდან შეყარეს და ავარჯიშებენ პარაშუტებიდან ხტომაში. რად უნდა ჩრდილო კავკასიას პარტიზანების წინააღმდეგ, თუ ვინც არის, ისლამისტების წინააღმდეგ პარაშუტისტები?

გარდა ამისა, შეცვალეს მთლიანად საარტილერიო დანადგარები და შემოიტანეს ახალი ტიპის ზალპური საარტილერიო სისტემები, რომლებიც აქამდე ჩრდილოკავკასიაში არ იყო.
ასე რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გააძლიერეს და შექმნეს თავიდან რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემა, რომელიც განლაგებულია მახაჩკალასთან. ესე იგი, ეს არის პირდაპირ დამიზნებული, 120 კილომეტრის სიშორე აქვს და პირდაპირ დამიზნებულია ირანის სანაპიროს.

ეს და ბევრი სხვა ფაქტორი ჩემთვის მოწმობს იმას, რომ რუსეთი ემზადება სერიზული ომისთვის. თან "მობილიზაცია ნომერი ორი" გამოცხადებულია ცხინვალის, აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე, სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე. სომხეთის სამხედრო ბაზიდან გაყვანილი არაინ რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- ცოტა არარეალურია, რომ რუსეთის არმიის ამგვარი მოდერნიზაცია და მობილიზება მხოლოდ საქართველოსთვის იყოს განკუთვნილი. დავკონკრეტდეთ, თქვენი ინფორმაციით, რომელი ომისთვის ემზადება რუსეთი - რუსეთ-საქართველოს ომისათვის, თუ ირანისა და ისრაელის ომისათვის?

- რუსეთის გენშტაბი მოქმედებს ასეთი გეგმით - თუ აშშ ჩაერთო ირანის საწინააღმდეგო სავარაუდო ომში, მაშინ ეს იქნება სახმელეთო ოპერაცია. სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს აშშ-მ დაიკავოს ირან-სომხეთის საზღვარი.

ამ შემთხვევაში ირანი და სომხეთი ექცევა ბლოკადაში და სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა ექცევა ბლოკადაში. როგორია ლოგიკა? - რუსეთი მოინდომებს ამ სამხედრო ბაზის უზრუნველყოფას, მით უმეტეს, რომ საჰაერო სივრცით ის ვერ ახერხებს ამას საქართველოსთან რთული ურთიერთობის გამო. ამიტომაც დერეფანი გაკეთდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქის მიმართულებით. ამით გადაჭრის საქართველოს შუაზე და დაიკავებს არა მხოლოდ სტრატეგიულ დერეფანს, არამედ კიდევ სტრატეგიული თვალსაზრისით მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ის გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს, ტრანსკავკასიურ რკინიგზას და მაგისტრალს.

- ანუ ირანთან ომის დაწყებაზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება?

- რასაკვირველია, თან გააჩნია, ირანთან სავარაუდო ომის შემთხვევაში ვინ მიიღებს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას მხოლოდ ისრალი თუ აშშ-ც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- თუ არ დაიწყო, თუ არ დაარტყეს ირანს? რამდენად მომგებიანია ომი ამჟამად აშშ-ისთვის ირანთან მიმართებაში?

- თუ არ დაიწყო, ეს მანევრები ჩატარდება მშვიდობიანად. საქმე ის არის, რომ აშშ-სა და თბილისშიც ძალიან კარგად იციან ამ ტიპის სცენარით განვითარების შესაძლებლობის თაობაზე.

აშშ-ის ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევს ეს ომი იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არჩევნები აქვს კარზე მომდგარი და მეორეც, ერთი ავღანეთის თემა არ დაუმთავრებით ჯერ და რა დროს ირანია. მესამე ისაა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ თვითონ ირანის ხელმძღვანელობაშია განხეთქილება. ერთმანეთს დაუპირისპირდა სერიოზულად საერო და რელიგიური ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი და სულიერი ლიდერი ირანისა აიათოლა ჰამინეი.

5 მარტს, როდესაც ჰქონდათ შეხვედრა ობამასა და ნათანიაჰუს ვაშინგტონში, ზუსტად ამაზე იყო ლაპარაკი, რომ მივცეთ საშუალება ირანულმა საზოგადოებამ თვითონ გაარკვიოს თავისი მდგომარეობა. საკმარისია დასავლეთი ჩაერიოს ამ სიტუაციის გარკვევაში, რომ ეს კონფლიქტი უცებ შეწყდება და უცებ მოხდება მთელი ირანის მოსახლეობის კონსოლიდაცია.

აშშ-ს ომი ხელს არ აძლევს, ისრაელისთვის კი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა სასწორზეა შემოდებული მთელი წინა აზიის ბედი, იმიტომ, რომ თუ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, აშშ გვერდზე ვერ დარჩება და ამიტომ ცდილობს, რომ გააჩეროის ისრაელი.

- რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ ისრაელმა ეს ნაბიჯი აშშ-ის გარეშე გადადგას?

- შეიძლება. საავიაციო დარტყმის განხორციელება ისრაელს აშშ-ის გარეშეც შეუძლია, ფაქტია. ისრაელის ხელისუფლება, ამ თვალსაზრისით, არაპროგნოზირებადია და როგორ მოიქცევა, კაცმა არ იცის. სხვათა შორის, ირანის სააგენტო "ფარსმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ისრაელმა დაუწყო ომი ირანს, ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება საქართველო - ეს პირდაპირ იყო ეს ნათქვამი იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს.

- საქართველოში თუ გაიგეს ეს?

- ეს არის მთავარი. ძალიან ნიშანდობლივია და ყურადღებამისაქცევია ყოველივე და ამას არც ქართული საზოგადოება და არც პოლიტელიტა მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს.
თუმცა საქართველოშიც ესმით, რა შეიძლება მოხდეს და ამიტომაა ზუსტად, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ცენტრის გადატანა დაიწყო დასავლეთ საქართველოში.

- ეს მან ადრე დაიწყო...

- მართალია, ეს მან ადრე დაიწყო, მაგრამ რუსეთმაც ადრე დაიწყო ირანის ომისთვის მომზადება, დაახლოებით ერთი წელია ემზადება ამისთვის, ირანთან ომის კრიზისის შემთხვევაში. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლება ამიტომაც აკეთებს აქცენტს დასავლეთ საქართველოზე.

- ანუ ამასთან არის კავშირში?

- კი, კავშირშია.

- ომის საფრთხის შემცირების შანსი თუ არსებობს?

- სწორედ ესაა მთავარი, რაც მინდა გითხრათ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სიტუაცია საერთოდ და ომის საფრთხე შეამციროს, ან საერთოდ შეაჩეროს.

ეს არის ის, რომ აშშ-მ და რუსეთმა მოილაპარაკეს ულიანოვსკში ნატოს ბაზის შექმნის თაობაზე. ამ ბაზას სხვა სახელი ჰქვია, ვითომ ეს არის გარდამავალი პუნქტი, სადაც ტვირთები უნდა დაბინავდეს და შემდეგ იქიდან უნდა გაიტანონ. ეს იქნება ნატოს ბაზა, იმიტომ, რომ ამ ტვირთს დასაწყობება და დაცვა სჭირდება. ხომ გამორიცხულია, რომ ნატოს ჯარმა სხვას მიანდოს ამ ტვირთების დაცვა. ეს ბაზა იქნება არა იმ პროფილისა, რომელიც ჩვენ წარმოდგვიდგენია, მაგრამ მაინც ბაზაა.

ამ მიმართულებით რუსეთი და აშშ ინტენსიურად თანამშრომლობენ. თავის მხრივ, საქართველო მონაწილეობს ნატოს ოპერაციაში და არის აშშ-ის მოკავშირე. ამ საქმეში, ანუ ულიანოვსკის ბაზის საქმეში, რუსეთი და აშშ პარტნიორები არიან. იქმნება პარადოქსული სიტიუაცია - საქართველო არის რუსეთთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში და ამ დროს იძულებული ხდება, გარკვეულწილად ავტომატური პარტნიორი იყოს რუსეთისა, თუნდაც ულიანოვსკის თემასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ჰელმანდის პროვინციიდან წავიდეს ტვირთი ულიანოვსკისკენ და იძულებული იყოს ზოგი ქართველი ჯარისკაცი, რომ იყოს ამ ტვირთის დაცვაში.

- რას ნიშნავს ეს, ბატონო მამუკა?

- ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმეშრიანი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, რამდენიმე ვარიანტია. რასაკვირველია, წინა აზიის ბედი დგას სასწორზე, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სხვა სვლებიც კეთდება, რომლებიც ამ სიტუაციას ამსუბუქებს და ომს გვაცილებს თავიდან. ჩვენთვის ტრაგიკომიკური სიტუაციაც იქმნება იმ თვალსაზრისით, რომ იძულებულნი ვიქნებით, რაღაცა ფორმით სამხედრო დარგშიც კი ვითანამშრომლოთ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ირიბი თანამშრომლობაა.

- დაბოლოს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, ე. წ. სირიელი აფხაზების ჩასახლებაზე უნდა გკითხოთ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში 90 ოჯახი აპირებს ჩამოსახლებას აფხაზეთში. რამდენად მასობრივი ხასიათი შეიძლება მიიღოს ამ პროცესმა?

- ეს პროცესი დაიწყო. სირიელი აფხაზების 2 ათასამდე ოჯახი არის ორიენტირებული ამ საქმეზე. ეს არის წმინდა წყლის რუსული პროექტი. რუსებმა კატეგორიული უარი თქვეს აფხაზეთში ე. წ. თურქი აფხაზების ჩამოსახლებაზე, იმიტომ, რომ ამით თურქეთის გავლენის გაძლიერების შეეშინდათ.

ხოლო სირიელი აფხაზები რუსეთისთვის ბევრად უფრო სანდო და მისაღებია. აქედან გამომდინარე, სოხუმის ხელისუფლება ვერ ამბობს უარს იმიტომ, რომ რუსები მათ ეუბნებიან: თქვენ ხომ გინდოდათ მოჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლეობა, ა ბატონო, მიიღეთ. ანუ 2 ათას ოჯახს აქვს ჩამოსვლის სურვილი და რეალურად რამდენი წამოვა, ვერ გეტყვით.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

ავტორი: . .