"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბარათურია მმართველ გუნდს ურჩევს, პარლამენტის სხდომების ჩასატარებლად, კარვები შეიძინოს.
როგორც მან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის სხდომების ქუთაისში ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების განხილვისას განაცხადა, პარლამენტი კიდევ ერთხელ ხდება იძულებული, "პრეზიდენტის ნათქვამს დააწიოს კანონი".
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ძირითადად შტამპის ფუნქციას ასრულებს და ამას უცხოელი მეგობრებიც კარგად ხედავენ.
"პარლამენტის გადატანა კონსტიტუციის დარღვევაც არის და ანომალიაც. პრეზიდენტმა და მთავრობამ, რომელმაც აქამდე ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა, ახლა გაყალბების გზით ცდილობს ხელისუფლების მიტაცებას. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ადამიანების ქუჩაში გამოსვლა და ვფიქრობ, თბილისის ქუჩებში ნახევარი მილიონიო ადამიანი გამოვა. სააკაშვილს სწორედ ეს აქვს ჩაფიქრებული, რომ ქუთაისში ნახევარი მილიონი ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობს და რამდენიმე ათასზე მეტი ვერ შეგროვდეს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ქუთაისშიც ხალხს თავს ძალაინ მალე მოაბეზრებთ, საქმე გასაქცევად გექნებათ და მერე ვიაროთ ასე რიგრიგობით ქალაქებში, ერთი კარავი ვიყიდოთ და სადაც მიტინგი იქნება, იმ ადგილს გავეცალოთ, ვარბენინოთ ეს კარავი და იქ ვატაროთ ეს სხდომები, სადაც აქცია არ იქნება", - განაცხადა ბაღათურიამ და დეპუტატებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ცვლილებას, რადგან თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილების თანახმად, რომელზედაც დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, 2012 წლის 1-ლი მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.