"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, დეპუტატების 70 პროცენტი მილიონერია. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპენსიო პაკეტის განხილვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, არა აქვს ინფორმაცია, რომ ყველა დეპუტატი უკანონოდაა გამდიდრებული, თუმცა ადამიანების ნაწილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგვის ბუნკერებთან კონფლიქტები ხდება. იგი მოითხოვს, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსია საარსებო მინიმუმამდე - 170 ლარამდე გაეზარდოს.
"ამით პრეზიდენტის ცრუ შეპირებაც შესრულდება, რომელიც პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას შეეხება. პრეზიდენტივით ხომ არ ვიტყუები და ხალხს კბილების ჩასმის პროგრამას ვთავაზობ? პენსია დროულად უნდა გაიზარდოს. ამისთვის დიდი თანხები არ არის საჭირო, ნამდვილად არ დაჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებეზე "მარშუტკებით" ჩამოყვანილი მორიგე ტაშის დამკვრელები ჯდება", - აღნიშნა ბაღათურიამ და კოლეგებს მოუწოდა, პენსიის გაზრდას მხარი დაუჭირონ.