პარლამენტის შენობა თავისი წითელი ხაზებით, ისევ პარლამენტის ბალანსზეა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის შენობა ჯერჯერობით გაყიდული არ არის, თუმცა მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ საინვესტიციო პაკეტი უკვე მზადდებოდეს და პარლამენტის ქუთაისში გადასვლის შემდეგ ინვესტორებისთვის, მისი შეთავაზება მოხდეს.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ დასაშვებია პარლამენტის შენობის ადგილას, მომავალში ხდებოდეს აქტიური ბიზნესცხოვრება, ეს იქნება სასტუმრო თუ სავაჭრო ცენტრი.
პარლამენტის ცნობილ ჭაღთან დაკავშირებით კი, რომელიც ვორონცოვის კუთვნილება იყო და ცნობილია, როგორც შეუფასებელი ღირებულების ნივთი, მაჭავარიანის ინფორმაციით, არსებობს დეპუტატების სხვადასხვა ინიციატივა, რომ ჭაღი ელიას მთაზე მშენებარე ეკლესიას გადაეცეს საჩუქრად.
კულუარული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის შესყიდვით არაბი ინვესტორები არიან დაინტერესებული.