ვინც საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია, ნებაყოფლობით რეზერვისტებზე, რომლებიც "თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს".
პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 000 ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 000-ზე ავა.
"მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე. იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება. ეს ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის არის, მაგრამ მათთვის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა და მე ვამაყობ, რომ ჩვენს ჯართან ერთად ეს შეიქმნა საქართველოში. ჩვენ არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს მტერი ჯიჯგნიდა, ხოლო თბილისის ყველა რესტორანი სავსე იყო მოქეიფე ხალხით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.