"9 აპრილი დაუვიწყარი თარიღია ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც გააზრებული და გაცნობიერებული აქვს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. დამოუკიდებლობა და გამარჯვება იოლად არ მოსულა ჩვენთან. 9 აპრილს უკვდავყოფილი გმირების სახელები სწორედ ამაზე მეტყველებენ. ეს ადამიანები არ შეუშინდნენ საბჭოთა ტანკების აგრესიას და სრულიად გაცნობიერებულად დადგნენ სიკვდილის პირისპირ უშიშრად იქ, სადაც მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა, დადგნენ და საუკუნო გმირობის მაგალითი უჩვენეს თავისი ერის მომავალს. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მათი გმირობა და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას.
ყველას გვახსოვს, რომ 9 აპრილს წინ უძღოდა აფხაზეთში გამოსვლები, ლიხნის ცნობილი შეკრება, სადაც საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ერთიანობას. დღეს ჩვენი სამშობლო კვლავ განსაცდელშია, ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, სწორედ ამიტომ მუდმივად გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. აპრილის ბოლოს ჩვენი პარტია დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრებისთვის ემზადება, რათა დაიწყოს დევნილთა დიდი დაბრუნების პროცესი დაკარგულ ტერიტორიებზე და მოვიპოვოთ რეალური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისევ ვიბრძვით, რადგან არასოდეს ვუღალატოთ იმ იდეალებსა და ღირებულებებს, რასაც 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს", - განაცხადა პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ლიდერმა ნანა გულუამ.
დღეს გამთენიისას პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ლიდერები, თბილისის ორგანიზაციისა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და გვირგვინებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალი და პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.