თუ ყველამ ერთად არ გავიაზრეთ და ერთ მუშტად არ შევიკარით, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან.
მისი თქმით, 9 აპრილი მხოლოდ ტრაგედია არ იყო ქართველი ხალხისათვის.
" 9 აპრილი იყო უდიდესი სიმაღლე, როდესაც სრულიად საქართველო მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა დადგა ერთად, როდესაც საქართველო იყო ერთ მუშტად შეკრული და კომუნისტური პოლიციაც კი აქციის მონაწილეებს იცავდა. სწორედ ამიტომ ვერ მოგვერია ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი იმპერია დაგვიპირისპირდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი მოახერხა ის, რომ ცოტა ხნის წინ ელიზბარ ჯაველიძესთან, რეზო ესაძესთან, გია ბურჯანაძესთან ერთად ბესო ტაბატაძეს რომელიც 1989 წლის 9 აპრილს სხვებთან ერთად აქ იდგა, რომელსაც 26 მაისს თვალი დააკარგვინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ზონდერ-ბრიგადის წარმომადგენლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ კიდევ გადაგივლით, 26 მაისს ეტყობა საკმარისი არ იყოო". ეს არის დღეს უდიდესი ტრაგედია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის იმასთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერმა მომხდურმა მტერმა შეიძლება დაგვმართოს. ეს თუ ყველამ ერთად არ გავიაზრეთ და ერთ მუშტად არ შევიკარით, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შგახსენებთ, რომ „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" პრესამსახური იტყობინება, პარლამენტის შენობის წინ მისულ „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს პოლიციამ, რომელსაც ზურგს ზონდერ-ბრიგადები უმაგრებდნენ, ტროტუარზე გზა გადაუკეტა და 40 წუთის მანძილზე მემორიალამდე არ უშვებდა.