უკრაინის გენერალური პროკურატურა უკრაინის ექს-პრემიერების იულია ტიმოშენკოსა და პაველ ლაზარენკოს სამ შეკვეთილ მკვლელობაში თანამონაწილეობას სწავლობს. განცხადება ამის შესახებ ტელეარხ "ინტერის" ეთერში უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ რენატ კუზმინმა გააკეთა.
კუზმინის ინფორმაციით, არის საფუძველი იმისა, რომ ბიზნესმენ-დეპუტატის ევგენი შერბანისა და ნაციონალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ვადიმ გეტმანის მკვლელობა პაველ ლაზარენკოს მიერ იყოს ორგანიზებული, რომელიც კომპანია "უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების" ინტერესებში მოქმედებდა, რომელსაც თავის მხრივ იულია ტიმოშენკო აკონტროლებდა.
უკრაინის გენპროკურატურა ასევე ამოწმებს ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს თანამონაწილეობას დონეცკელი ბიზნესმენის ალექსანდრე მომოტის მკვლელობაში, რომელიც 1996 წელს მოხდა.
"გარდა შერბანის მკვლელობისა ჩვენ ვამოწმებთ ლაზარენკოსა და ტიმოშენკოს თანამონაწილეობის ვერსიებს დონეცკელი ბიზნესმენის მომოტის მკვლელობის საქმეში. მომოტი შერბანის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მოკლეს", _ აცხადებს კუზმინი.
გენპროკურორის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ალექსანდრე მომოტსა და ევრენი შერბანს ბიზნეს-კონფლიქტი ჰქონდა პაველ ლაზარენკოსთან და იულია ტიმოშენკოსთან.
"როგორც კი ჩვენ დავადასტურებთ იულია ტიმოშენკოს თანამონაწილეობას ამ მკვლელობებთან, მას ბრალს წავუყენებთ და საქმეს სასამართლოში გადავაგზავნით", _ აცხადებს კუზმინი და ასევე აღნიშნავს, რომ ხოლო იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა მაშინ ის "მთელი ქვეუნის გასაგონად იტყვის, რომ ეს ფაქტები არ დადასტურდა" და საქმე შეწყდება.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი შებანის საქმის გამოძიება 5 აპრილს მას შემდეგ განაახლა, რაც მოკლულის ვაჟმა უწყებას გადასცა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს ამ საქმეში პავლე ლაზარენკოსა და იულია ტიმოშენკოს მონაწილეობას.
ევგენი შებანი და მისი მეუღლე დონეცკის აეროპორტში 1996 წელს მოკლეს, ვადიმ გეტმანი კი 1998 წელს მისი საცხოვრებელი სახლის სიფტში. ალექსანდრე მომოტი, რომელიც კომპანია "დანკოს" ხელმძღვანელობდა თავის სახლთან დონეცკში 1996 წლის მაისში მოკლეს.
ამჟამად პავლე ლაზარენკო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით სასჯელს აშშ-ს ციხეში იხდის, ხოლო იულია ტიმოშენკო - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით უკრაინაში, ხარკოვის კოლონიაში ზის.
ლაზარენკო აშშ-დან ხოლო ტიმოშენკო უკრაინიდან ახალ ბრალდებებს უარყოფენ.
კუზმინი ასევე ამტკიცებს, რომ პაველ ლაზარენკო, რომელიც ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს დეპუტატ ევგენი შებანისა და დეპუტატ ვადიმ გეტმანის მკვლელობის ორგანიზატორი იყო.
"დღეს ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ შებანისა და გეტმანის მკვლელობები პაველ ლაზარენკოს მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც კომპანია "უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების" ინტერესებით მოქმედებდა", _ აცხადებს კუზმინი.
მისივე თქმით, გარდა გარდაცვლილი შერბანის ვაჟისა გამოძიებას სხვა მოწმეებისგანაც აქვს მონაცემები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
თავად პავლე ლაზარენკო ამ ბრალდებებს მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და ყველაფერს უარყოფს. იულია ტიმოშენკოს ადვოკატი სერგეი ვლასენკო კი აცხადებს, რომ ვინაიდან ბატონი შებანის ვაჟმა მხოლოდ ახლა, ანუ მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ გააკეთა თავისი განცხადება ეს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დაკვეთას ჰგავს.