ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრ გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქართველი თანამემამულეების მიმართ უთანასწოროა.
როგორც მან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები პოლიტიკური აქტიურობის უფლებებს ანიჭებს მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე, საქართველოში დაბადებულ პირებს და არა, მაგალითად, თუნდაც შვეიცარიის და ან კანადის მოქალაქეებს.
ცაგარეიშვილი დაინტერესდა, რატომ დასთანხმდა ხელისუფლება "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას, როცა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე არ გაიზიარა ნახევარი მილიონი მოქალაქის მოსაზრება, კათალიკოს-პატრიარქის თხოვნა, ავტორიტეტული და არა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და შეფასებები.
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებების სულისკვეთებას ემიგრაციაში მყოფ ქართველებს უკავშირებს.
დღევანდელ სხდომაზე როგორც ინიციატორებმა, ასევე სახელისუფლებო გუნდის წარმოადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილება შეეხება არა მხოლოდ ივანიშვილის უფლებებს, არამედ სხვა ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომლებიც საქართველოდან მიგრირებული არიან.
რაც შეეხება არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებს, ინიციატორებიც და უმრავლესობაც აცხადებენ, რომ ქვეყნების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს.