"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ქრისტიან-დემოკრატებს" ექსპერიმენტის სახით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელი სხდომა მწვავე დებატების ფონზე წარიმართა. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრები მიიჩნევენ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებისათვის "სამარცხვინო ლაქის ჩამორეცხვას" ცდილობენ, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით გაჩნდა.
ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტმა ჯერ უკანონოდ ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა, შემდეგ უკანონოდ არ აღუდგინა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ამ ლაქის ჩამორეცხვას ცდილობენ.
"ერთი ადამიანის ჭირვეულობის გამო, კონსტიტუციაში ცვლილებების უფლება, უმრავლესობას გადაულოცეთ. მოგიწოდებთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, გაიტანეთ თქვენი კანონპროექტი უკან და ნახავთ, როგორ შემოიტანს იმავე ცვლილებებს მმართველი გუნდი", - მიმართა "ქრისტიან-დემოკრატებს" ბაღათურურიამ.
მას მოძრაობის წევრი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და დაინტერესდა, უნდა თუ არა ბაღათურიას, რომ ივანიშვილს სრული პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჰქონდეს. ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციისთვის მთავარი საზრუნავი, ხოლო "თუ ვინმე პირს იბანს, დაიბანოს, ეს არ უნდა იყოს თქვენთვის მთავარი", - ურჩია ვეფხვაძემ ბაღათურიას.
კომისიის სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა.