"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის სრული პოლიტიკური აქტიურობის უფლებებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი მომზადდება. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის მხოლოდ ერთ მუხლში ცვლილებები არ კმარა და ცვლილებები იმ მუხლებშიც შევა, სადაც ნახსენებია პრემიერ-მინისტრობისა და პრემიერობის უფლებების შესახებ, ასევე, "საარჩევნო კოდექსში", "პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ" კანონმდებლობაში და სხვა მოქმედ კანონმდებლობაში..
"ამისთვისაა საჭირო, კომისიის დღევანდელ სხდომაზე შევთანხმდეთ, რამდენად მისაღებია, ეს კომისიის წევრთა უმრავლესობისთვის. ამის შემდეგ კი იურისტებთან და ექსპერტებთან ერთად, დაიწყება სერიოზული მუშა პროცესი მთელი პაკეტის სრულყოფისთვის", - აღნიშნა თარგამაძემ.
რაც შეეხება ცვლილებების საბოლოოდ ძალაში შესვლის ვადებს, თარგამაძე ვარაუდობს, რომ ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, საბოლოოდ პარლამენტი მას მაისის ბოლოსთვის დაამტკიცებს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან იწყებს. კომისიის მუშაობის ვადა ერთ თვეში - 5 მაისს ამოიწურება, რის შემდეგაც მისი განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება. კომიტეტებსა და პარლამენტის სესიაზე კანონპროექტების განხილვა სავარაუდოდ 2 კვირის ვადაში დასრულდება.