უკრაინაში იულია ტიმოშენკოს მთავრობის კიდევ ერთი ექს-მინისტრი დააპატიმრეს. სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის ექს-პრემიერის მთავრობაში მომუშავე გარემოს დაცვის მინისტრს გიორგი ფილიპჩუკს. მას ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედებოდა.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით ექს-მინისტრს ჩამოერთვა პირველი რანგის სახელმწიფო მოღვაწის წოდება, გათავისუფლების შემდეგ კი მას სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალება.
გიორგი ფილიპჩუკი იულია ტიმოშენკოს მთავრობის უკვე მესამე წევრია, რომელიც დააპატიმრეს. გარდა თავად ტიმოშენკოსა ციხეში იმყოფება მისი მთავრობის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო, ხოლო ასევე მისი მთავრობის ეკონომიკის მინისტრზე ბოგდან დანილიშინზე ძებნაა გამოცხადებული.
ამას გარდა, ამჟამად სასამართლოში საქმეა აღძრული იულია ტიმოშენკოს მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე ვალერი ივაჩშენკოზე.