პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართვლოსთვის აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან პარლამენტში, გაერო-ში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფართო და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს, ვინაიდან, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანები მხოლოდ ჩვენი რეგიონით არ არის შეზღუდული.
,,საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი მთელს მსოფლიოში მხარდამჭერების მოძებნას ცდილობს, რათა ქვეყნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ უბიძგოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მისი პოლიტიკის შესახებ მსოფლიოს ყველა წერტილში ქვეყნებს მკაფიო ინფორმაცია ჰქონდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა პოლიტიკას ატარებს საქართველო ზოგადად საერთაშორისო მიმართულებით,, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დღეს რამდენიმე სახელმწიფოს ელჩს მიეცა საშუალება საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გაიგონ.
„ვფიქრობ ეს დიდი ნაბიჯია იქითკენ, რომ გაერო-ში საქართველოს პოლიტიკური აქტივობები მხარდაჭერილი იყოს. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია გაგვაქვს. ორი წლის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ეს რეზოლუციები მტკიცდება. აფრიკის რეგიონთან ურთიერთობების გააქტიურება, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად შედის", - დასძინა დავით ბაქრაძემ.