პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა „ღია ცის" ხელშეკრულება საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისთვის გამოიყენოს.
როგორც ბაქრაძემ ქართული მხარის მიერ "ღია ცის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებაა და ამ დოკუმენტის ნაწილი საქართველოა.
„ჩვენ, წლების მანძილზე კარგად ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ ამ ხელშეკრულების მონაწილე ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაგრამ, ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ეს ხელშეკრულება საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისთვის გამოიყენოს. ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთი ეცადოს გამოიყენოს „ღია ცის" ხელშეკრულება, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის,, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური თბილისის განმარტებით, ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ გადადგა.