პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 4 აპრილს, ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია „სიენენს" არ ეკუთვნის.
მისი განმარტებით, ეს არის „სიენენ აი რეპორტის" ინფორმაცია, რომელიც ღია საინფორმაციო ბლოკია სიენენზე და იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია დაწეროს, როგორც თვითმხილველმა.
„ოდნავი უტრირება რომ გავაკეთო, ამ კომენტარის შემდეგ, მე, როგორც თვითმხილველმა შემიძლია დავწერო, რომ დავინახე როგორ შეჭამა რუსთავი 2 -ის ოპერატორმა „კავკასიის" ჟურნალისტი. ეს იქნება დადებული „აი რეპორტზე", როგორც თვითმხილველის კომენტარი. სწორედ ასეთივე თვითმხილველის კომენტარი იყო გამოქვენებული „აი რეპორტზე". ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არ უნდა აღვიქვათ როგორც „სიენენის" ინფორმაცია" -იხუმრა ბაქრაძემ.
CNN iReport--ზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 აპრილს, 22:46 საათზე ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რომლის დროსაც, ავტორის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ობამამ ხაზი გაუსვა ამ საკითხის გავლენას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ავტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის საიმედო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეპირდა ობამას კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.