იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი პირობას დებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ექნება ყველა უფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს.
როგორც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივაზე განაცხადა, ივანიშვილი ოქტომბრის თვიდან ეწევა პოლიტიკურ ცხოვრებას და მისთვის ეს უფლება აქამდეც არავის შეუზღუდავს.
,,პირადად ვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ექნება უფლება იყოს არჩეული პარლამენტში, ისე უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, დააფუძნოს პარტია, დააფინანსოს პარტია კანონის ფარგლებში და ა.შ.,, - განაცხადა კუბლაშვილმა.
იგი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ცვლილებები, სხვა მთელ რიგ საკანონდმებლო აქტებში შევა. კერძოდ, ცვლილებები მოსალოდნელია "საარჩევნო კოდექსში", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" და ა.შ.
კუბლაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში გათვალისწინებული ნორმა ,,ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრებასან,, დაკავშირებით, შესაძლოა შეიცვალოს და საქართველოში დაბადებული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, ქვეყანაში ცხოვრების ათი წლის აუცილებლობა, მხოლოდ ზოგადად იყოს განსაზღვრული და არა ბოლო წლებისთვის.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან იწყებს.
კანონპროექტით, რომელიც ,,ქრისტიან-დემოკრატებმა გუშინ წარადგინეს, საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, შეიძლება აირჩეს პარლამენტის წევრად.