პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველომ რუსეთის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ რუსეთი თვითონ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
მინაშვილის განმარტებით, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ცივი ომის დროს იყო და მის დაწყებამდე შეიარაღების მონიტორინგს ითვალისწინებდა.
,,დაახლოებით 34 წევრი სახელმწიფოა, რომელთაც აქვთ ვალდებულება, სხვა წევრ სახელმწიფოებს უფლება მისცეს განახორციელონ სამონიტორინგო ფრენა, რათა შეიარაღების რაოდენობა და განლაგება შემოწმდეს. რუსეთმა ამ დოკუმენტის მოქმედება შეაჩერა და მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნებია. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში ფრენა დაუშვებელია", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ეს რუსეთის მხრიდან ზოგადად საერთაშორისო პრინციპების დარღვევაა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური თბილისის განმარტებით, ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ გადადგა.