დღეს, 6 აპრილს, ქართველი ბალეტმაისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის გარდაცვალებიდან 20 წელი სრულდება. ჭაბუკიანი 1992 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა.
ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს (12 მარტს) თბილისში დაიბადა. იგი იყო ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
"ჩემი პრინციპი უცვლელია, ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას. ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო - აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა", - ამბობდა ვახტანგ ჭაბუკიანი.
თბილისში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი ცხოვრობდა, გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი. 1999 წლის 20 მაისს ჩამოყალიბდა ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ცენტრი. ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება - კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი.