ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაცია "თამარიონს" შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება, რომელიც ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ჩატარებული რეფორმების ექსპერტიზას განახორციელებს.
მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი დარბაზი, ასევე შექმნის ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მონიტორინგს გაუწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამის სამეცნიერო-სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას ფრაქციას წარუდგენს.
საზოგადოებრივი დარბაზი წარმოდგენილ დასკვნებს გაუგზავნის არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აუცილებლობის შემთხვევაში კი მოამზადებს ევროპულ სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს.
როგორც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ასეთი თანამშრომლობის მიზანია ქვეყანაში ადამიანთა უფლებებისა და ღირსების დაცვა.
"ამ პროცესში ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები", - დასძინა დეპუტატმა.