"ქრისტიან-დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის უფლებების სრულყოფისთვის, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების ინიცირებასაც გეგმავენ.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დღეს წარდგენილი კანონპროექტი, მხოლოდ მის პარლამენტის წევრად არჩევის უფლებას ითვალისწინებს.
მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამძის განცხადებით, მათი საკონსტიტუციო კანონპროექტის სულისკვეთებაა, რომ პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, დეპუტატობის გარდა სხვა მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებაც ჰქონდეს.
როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით იქნა წარდგენილი, რათა პროცესი არ გაჭიანურებულიყო. მისი თქმით, საყოველთა-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომა სავარაუდოდ 6 აპრილს გაიმართება და დამატებით წინადადებებს მისი გუნდი ამ სხდომაზე წარმოადგენს.
"დამატებითი დეტალები როგორც კონსტიტუციასთან, ისე სხვა კანონებთან მიმართებაში, განხილვის პროცესში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თარგამძემ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში სხვა ცვლილებების შესახებ განცხადება, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმაც გააკეთა.