საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინიციატივა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, პარლამენტის წევრად არჩევის უფლებას ითვალისწინებს.
მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიისათვის უკვე გადაგზავნილი კანონპროექტი გააცნო.
კანონპროექტის მიხედვით, ,,საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა,,
რაც შეეხება იმას, ითვალისწინებს თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობების დაკავების უფლებას, თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა პირს პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის თანამდებობების დაკავების უფლებასაც ანიჭებს. თუმცა, კანონპროექტში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი და აღნიშნულია მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩევის უფლება.
აღნიშნული კანონპროექტი, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტშიც გადაგზავნილია.