ჰოლივუდის ვარსკვლავმა ენდი გარსიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მსახიობმა თბილისი დღეს დილით დატოვა. აეროპორტში ის პირდაპი "ქორთიარდ-მარიოტიდან" გაემგზავრა და იქ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ჯერ კიდევ უსათაურო ფილმის მთავარმა გმირმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ასრულებს, ბოლო სცენა პარლამენტის შენობის წინ, წუხელ გადაიღო.
სცენა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს მოვლენებს ასახავს, 4 დუბლად გადაიღეს.
სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, ენდი გარსიას მონაწილეობით ის ეპიზოდი გადაიღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ხალხს სიტყვით მიმართავს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
ენდი გარსიას უცხოელ მსახიობებთან ერთად პარტნიორობას ქართველებიც უწევდნენ. მათ შორის იყვნენ ლიტვის პრეზიდენტის როლის შემსრულებელი გივი სიხარულიძე და ლატვიის პრეზიდენტის როლის შემსრულებელი ზურაბ ცინცქილაძე.
ფილმზე მომუშავე ჯგუფს ანიმატორების დაქირავება არ დასჭირვებია. მასობრივი სცენის გადაღებას ათასობით ადამიანი საკუთარი სურვილით დაესწრო. გადაღების დასრულებისას ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა აღნიშნა, რომ სცენა ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გამოვიდა.
ამ ფილმისთვის ენდი გარსიას ჰონორარი 500 ათასი ამერიკული დოლარით არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოში 2 დღე იმყოფებოდა, გადაღებები მიმდინარეობდა პრეზიდენტის რეზიდენციაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც.