გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში 15 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თამრო ზანთარაია ეროვნებით ქართველი იყო. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ამ ფაქტს ადასტურებს და ზანთარიების ოჯახს დადებითად ახასიათებს.
"სოფელ ოტობაიაში აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა. ზანთარაიების ოჯახი მთელს სოფელში თავისი სიკეთითა და პატიოსნებითაა ცნობილი. ეს ადამიანები ომამდე სოხუმთან ახლოს, აჩადარაში ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ კი ოტობაიაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კილანავა.
ამასთან ერთად, თორნიკე კილანავა აცხადებს, რომ გოგონას გარდაცვალების ფაქტი სავარაუდოდ მართლაც თვითმკვლელობაა და აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით გოგონას მიმართ სავარაუდოდ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"თავად გოგონას ნათესავები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ მათ საქმე მართლაც თვითმკვლელობასთან აქვთ. საუბრობენ ასევე წერილზე, რომელიც გოგონამ გარდაცვალების წინ დატოვა", _ აცხადებს კილანავა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ოტობაიაში მომხდარი ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ასევე აფხაზური მხარეც ავრცელებს. მათი ინფორმაციითაც გოგონამ თვითმკვლელობა განახორციელა.
"3 აპრილს გოგონა სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. სოფელ ოტობაიას მკვიდრი თამრო ანზორის ასული ზანთარაია 1997 წელს დაიბადა. გოგონა იმავე საღამოს მეზობლად მდებარე სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გოგონას მამის განცხადებით, შვილი ამ ფაქტის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე მას ეკითხებოდა თუ როგორ ხდებოდა თავის ჩამოხრჩობა", _ იუწყება აფხაზური მედია.
მათივე ინფორმაციითაც, ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნია წერილი, რომელშიც გოგონა წერს, რომ მის სიკვდილში არავინ დაადანაშაულონ და სთხოვს მის მშობლებს მის დაკრძალვაზე მოსვლის ნება დართონ ახალგაზრდა ვაჟს, რომლის ვინაობაც წერილში მითითებული არ არ არის.