"საარჩევნო გარემო არის საკმაოდ უთანასწორო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.
ჩუგოშვილმა განმარტა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო საკმაოდ უთანასწოროა.
"კვლევამ აჩვენა, რომ საარჩევნო გარემო არის საკმაოდ უთანასწორო და ეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც კანონმდებლობის ანალიზიდან გამომდინარე, ისე პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საია-ს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება.
ჩუგოშვილი ყურადღებას ამახვილებს ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზზე - ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაზე.
"ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების მონიტორინგის შედეგებიდან გამოჩნდა, რომ დაფინანსებულია პროგრამები, რომლებიც არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, არ ხორციელდება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვაუჩერების პროგრამა. ეს ბადებს ეჭვს, რომ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
საია-მ კვლევა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში ჩაატარა.