"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონპროექტს, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს გააცნობენ.
დიპლომატებს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი შეხვდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა I მოსმენით უკვე მიიღო, პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება აღარ იარსებებს; პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს შეზღუდვები დაუწესოს; დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება; ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება; პირს სამეწარმეო საქმიანობა არ შეეზღუდება თუ ის უშუალოდ საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება; შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა. "პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ" კანონის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია აღარ გაუქმდება და სხვა. დიპლომატებთან შეხვედრა პარლამენტში 16:00 საათზე გაიმართება.