სოხუმის ახალ რაიონში ე.წ ადმინისტრაციის კომუნალური სამსახურების მიერ ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს შედეგად 1992-1993 წწ სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამარხი მშვიდობიან მოსახლეობას ეკუთვნის და იგი განლაგებულია კიბესთან, რომელიც ახალი რაიონიდან გუმისთის მასივისკენ მიდის.
როგორც აფხაზური მხარე იუწყება, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიამ დაადგინა, რომ ამ ადგილზე არის ახალი რაიონის მკვიდრი მშვიდობიანი მოსახლეობის სამარხი, რომლებიც ბუნებივი სიკვდილით ომის დროს 1993 წლის ზაფხულის პერიოდში გარდაიცვალნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაკრძალულთა შორის არის ერთი ბერძენი ეროვნების ადამიანი - გიორჰი ვახანელოვი და ერთი ქართველი - თენგიზ რუსია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია ისიც, რომ მალევე ომის დასრულების შემდეგ, 1993 წლის ნოემბერში ნათესავებმა რამდენიმე ცხედარი სწორედ ამ ადგილიდან გადაასვენეს.
"დადასტურებული ინფორმაციით, აქ საუბარი მიდის მხოლოდ და მხოლოდ ახალი რაიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომლებიც ქართული ოკუპაციის პერიოდში გარდაიცვალნენ", _ აცხადებს აფხაზური მხარის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისია.