პარლამენტმა ანტომონოპოლიური კანონპროეტის მიმართ, საიას არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ დღეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით პარლამენტში გამართულ შეხვედარაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ ინიცირებული "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" შესახებ კანონპროექტი ეჭვქვეშ აყენებს კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობას. ღვინიანიძის განმარტებით, სააგენტოს მუშაობაში აქტიური როლი მთავრობას ენიჭება, იგი ამტკიცებს სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარეს.
საიასთვის საგულისხმოა ასევე, რომ სააგენტოს მიერ საქმეზე მოკვლევა არ დაიწყება, თუ წარმოდგენილი საჩივარი ან და განცხადება არ შეესაბამება მთავრობის მიერ სააგენტოსთვის დამტკიცებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც ზღუდავს მომჩივანის უფლებებს.
ღვინიანიძე აცხადებს, რომ კონკურენციის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მხოლოდ რეკომენდაცია წარმოადგენს და ეკონომიკურ აგენტებს შორის დავისგან განსხვავებით, სააგენტო ამ შემთხვევაში აღარ მიმართავს სასამართლოს შემდგომი ქმედებების გასატარებლად.
მისი თქმით, კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე განიხილა, მათი ორგანიზაციის არც ერთი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით დღეს გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებზე და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრეს.