დღეს, 3 აპრილს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის უნივერსიტეტებმა საინფორმაციო სესია "ისწავლე ესტონეთში" გამართეს. სესიაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური ფილმები, ფოტოგამოფენები, ღია ლექციები, სემინარები, რომელიც ესტონეთში სწავლის პერსპექტივას ასახავს.
თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც ქართველ სტუდენტებს ესტონური უნივერსიტეტები სთავაზობენ: „ესტონეთი საქართველოს პარტნიორია არა მხოლოდ ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში, არამედ განათლების დარგშიც. არსებობს ქართველი სტუდენტების ესტონეთში სწავლის სერიოზული ტრადიცია. ესტონეთი დღეს სტუდენტებს ევროსტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს, ამიტომ ინფოსესია ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში განათლების მიღების მსურველს ძალიან დაეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში." საქართველოში ესტონეთის ელჩი ტომას ლუკი მიესალმა ღონისძიებაზე მოსულ სტუდენტებს. „მოხარული ვარ, რომ ქართულ და ესტონურ უნივერსიტეტებს დიდი ხნის ურთიერთობა აქვთ. ძალიან ბევრმა ქართველმა მიიღო უმაღლესი განათლება ესტონეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სწავლების მაღალ დონესთან ერთად ისიცაა, რომ ქართველი ახალგაზრდობა ადვილად ადაპტირდება ესტონურ საზოგადოებაში. საქართველოში ესტონეთის საელჩოს კარგი ტრადიცია აქვს - ჩვენ ყოველწლიურად ვმასპინძლობთ ესტონურ უნივერსიტეტებში კურსდამთავრებულ ქართველ სტუდენტებს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართველი და ესტონელი ახალგაზრდების კიდევ უფრო დაახლოებას"- აღნიშნა ტომას ლუკმა.
ინფოსესიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ესტონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი სტუდენტებისთვის ვორკშოფები გამართეს.