თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც თბილისში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში არსებულ სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ამერიკის "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ამა წლის თებერვლის თვეში ჩატარებულ კვლევაში, მოსახლეობა "ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში" ერთ-ერთ მწვავე პრობლემად ასახელებს საბავშვო ბაღებში არსებულ ფასებს.
"კვლევის მიხედვით მკაფიოდ ჩანს, რომ საბავშვო ბაღებში არსებული ტარიფი, რომელიც 30-დან 80 ლარამდე მერყეობს, საკმაოდ რთულად გადასახდელია თბილისური ოჯახების დიდი ნაწილისათვის. სწორედ ამიტომ, "ქრისტიან-დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ისევე როგორც სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც უნდა გახდეს უფასო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა, საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფომ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ, თბილისში არსებულ სკოლამდელი დაწესებულელებებს უნდა გადასცეს სპეციალური ვაუჩერები აღსაზრდელების რაოდენობის მიხედვით, რომლითაც დაფინანსდება ბავშვების აღზრდა-განათლება საბავშვო ბაღებში. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო მკვეთრად შეუმცირებს თბილისურ ოჯახებს ხარჯებს.