საქართველოს სომეხთა სათვისტომომ თბილისის მერიას და საკრებულოს თხოვნით მიმართა ნებართვა გასცენ ქალაქში 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი მემორიალის დასადგამად.
„სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ რაოდენობით მეორე, ხოლო ქ.თბილისში პირველ ეროვნულ უმცირესობას და დღემდე არ გვაქვს ქვეყნის დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი რომელიმე ძეგლი-სიმბოლო. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა - ნება დაგვრთოთ და ქ.თბილისში გამოგვიყოთ შესაბამისი ტერიტორია 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმისთვის", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო" , „სომეხთა სათვისტომოს სტუდენტური ასოციაცია", „სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი" და „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მოზარდთა კავშირი".
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო" , ანალოგიური მიმართვით, წლების განმავლობაში ქალაქის მერს არაერთხელ მიმართა, მაგრამ დღემდე წერილები და მიმართვები მერიის მხრიდან იგნორირდება.