დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2012" პრეზენტაცია გაიმართება. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2012 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „გეოპლანტი" - ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი" იქნება.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „გეოპლანტის" დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაესწრებიან.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კონკურსი ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობის მიღება სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე კონკურსანტებს ევალებათ დაგეგმონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 5 ფინალისტ გუნდს, რომლებიც მაისის თვეში გურიას ესტუმრებიან და კომპანია გეოპლანტის საწარმოს დაათვალიერებენ. ფინალისტები ქართული ჩაის ისტორიას და მისი წარმოების ტექნოლოგიას გაეცნობიან. ფინალური ნაშრომების შექმნის პროცესში კონკურსანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ სემინარებს და კონსულტაციებს.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდი 2500 ლარის ოდენობის ფულად პრემიას მიიღებს.