საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია "აბსურდს" უწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართველი მეზღვაურები მხოლოდ იმიტომ არ ბრუნდებოდნენ შინ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მათ ამისი სურვილი არ ჰქონდათ. ეს განცხადება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ბოკერიამ რუსულ მედიასთან საუბარში აფხაზეთში ქართველების მიმართ არსებული დამოკიდებულების რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.
"იქ სადაც ცოტა ხნის წინ იყო ქართლი წიგნების დაწვის შემთხვევები, მცირეწლოვანთა ცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ისნი მშობლიურ ენაზე საუბრობენ. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ეთნიკურად ქართველები ქალაქ ოჩამჩირეში მოხვდნენ. ისინი ოჩამჩირის ე.წ. მერმა ძალით გამოყარა და განუცხადა, რომ არასოდეს ქართველის ფეხი ამ ტერიტორიაზე არ დაიდგმება. ეს დეკლარირებული დამოკიდებულებაა, რომელსაც ქართველების სახლების დაწვა სდევს თან, იმ ქართველებისა, რომლებიც უარს აცხადებენ ე.წ. აფხაზურ ჯარში წასვლაზე", _ აცხადებს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, აფხაზეთში ამჟამად მაღალი ხარისხის მოქალაქეებად ეროვნებით აფხაზები ითვლებიან, შესაძლოა რუსებიც, მაგრამ ბოკერიას თქმით არსებობენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეეები - სხვა ეროვნების წარმომადგენლები და მესამე ხარიხოვანი მოქალაქეები - ქართველები.
"ეს ყველაფერი იქ ღიად კეთდება", _ დასძენს გიგა ბოკერია.