იტალიური "ლაციოს" ყოფილი ვარსკვლავი ჯორჯო კინალია, რომელიც აშშ-სი ცხოვრობდა, 65 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
იტალიელი ფორვარდი "ლაციოს" ლეგენდა გახლდათ - 7 სეზონის განმავლობაში ითამაშა რომაულ კლუბში და 1974 წელს ისტორიაში პირველად სწორედ მისი წყალობით გახდა გუნდი იტალიის ჩემპიონი. ჯორჯო კინალია 2000 წელს "ლაციოს" გულშემატკივრებმა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
209 მატჩი, 98 გოლი - ასეთია კინალიას მონაგარი "ლაციოში". 1976 წელს ფორვარდი ნიუ იორკის "კოსმოსში" გადავიდა, იქაც 7 სეზონი გაატარა და 254 მატჩში 242 ბურთი გაიტანა. სარეკორდო მაჩვენებელია - ამდენი გოლი აშშ-ის ლიგაში არავის მიუთვლია.
კინალიამ 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა.