"რუსეთის ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ მას პრობლემა არა ქართველ ხალხთან, არამედ საქართველოს ხელისუფლებასთან აქვს სიტყვების თამაშია და სხვა არაფერი", - განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"რუსეთის ხელისუფლებისგან გამუდმებით გვესმოდა, რომ მათ არ აქვთ პრობლემა ქართველ ხალხთან და მათი პრობლემა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებობს. ამ თეზისს ვისმენდით ჩვენ დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში. მათ ჰქონდათ პრობლემა საქართველოს ყველა პრეზიდენტთან, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ყველას კარგად ესმოდა, რომ ეს სიტყვების თამაშია და სხვა არაფერი", _ აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარებაა და სხვა არაფერი.
"ეს ფუნდამენტალური პრობლემებია ჩვენს ურთიერთობებში. ის განწყობაც კი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ თქვენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას უკვე სუვერენიტეტს ეხება. ხოლო თუ ეს ასე არ არის ახლა არის ძალიან მარტივად ამის გამოვლენის საშუალება. ყველას კარგად მოეხსენება ჩვენი დამოიკიდებულება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ და აქ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება დიფერენცირებულია ხელისუფლებასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის", _ აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს არავითარი პრობლემა რუსი ტურისტების მიმართ, "საქართველოში არ არსებობს არავითარი ეთნიკური სიძულვილი რუსების მიმართ და არავითარი სიძულვილის კულტივირება არ ხდება და ეს ასეც უნდა იყოს".