3 აპრილს, 19:00 საათზე, თიბისი ბანკის ვიპ სამსახურის ორგანიზებით, თიბისი გალერეაში ახალგაზრდა პიანისტის, თათია შარანგია-შევარდნაძის კონცერტი გაიმართება.
შესრულდება ბეთჰოვენის, რაველის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
თათია შარანგია-შევარდნაძე - პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე, საბერძნეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის (Konzerteum in Greece) ლაურეატი და I პრემიის მფლობელი, ლიტვის კონკურსის (Gradus ad Parnassum) გრან-პრის მფლობელი.
საფრანგეთში, პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში თათია შევარდნაძე მართავდა კონცერტებს პარიზის ისეთ ცნობილ დარბაზებში როგორებიცაა: ლანდოვსკის სახელობის დარბაზი, ფორეს სახელობის დარბაზი, მუზეუმი Grand Palais და ა.შ.
2003 წელს შეასრულა ბახის კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგა რაველის კონცერტით ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ჰამბურგში დირიჟორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტში. 2011 წელს კი დაუკრა შუმანის კონცერტი თბილისის ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან ერთად.