საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანადაში იახტის ჩაძირვის დროს დაკარგული ქართველების ვინაობა კვლავ უცნობია და საქმეში ინტერპოლია ჩართული.
,,ამ საკითხის კვლევაში ჩართუილია ინტერპოლი, შესაბამისად, ჩვენ ინფორმაციას ინტერპოლის საშუალებითაც ვიღებთ. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი უწყება ინფორმაციის გასაჯაროებისკენ თავს იკავებს. თუმცა უშალო კავშირში იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლებასთან", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.
,,რაც შეეხება გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაციას, სახელმწიფო ბუნებრივია, მაქსიმალურად შეეცდება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ოჯახის წევრებს, მას შემდეგ, რაც სრული, მათ შორის, ტექნიკური ინფორმაცია გვექნება კანადიდან", _ განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, 25 მარტს კანადაში ჩაძირულ იახტა ,,ტაბასკოზე" საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მათგანის ცხედარს მიაკვლიეს, დანარჩენი ორი ქართველი კი უგზო-უკვალოდ დაკარგულად ითვლება.