დღეს, გორში, "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერების, ელგუჯა მახარაშვილის და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესს კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრებოდა. როგორც „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა განაცხადა, გორის სასამართლოს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ ის დამოუკიდებელია და პროკურატურის მითითებებს არ ასრულებს.
„ამ ბიჭების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან მალე დასრულდება ეს უკანონობა. უამრავი უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქე, არა მხოლოდ ჩვენი მომხრეები, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გორის რაიონის სოფელ მერეთში „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი, ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები ჯაბა და აკაკი ელიაშვილები 17 თებერვალს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.