დღევანდელი სამუშაო დღე თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან დასაქმებულ ადამიანებთან ერთად, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავებითა და ხეების დარგვით დაიწყო.
თბილისის მერიის შუამდგომლობით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორმა ფირმებმა, მიმდინარე წელს მერიის დასაქმების ბაზიდან 100 თბილისელი დაასაქმა.
აღნიშნული კომპანიების 800-მდე თანამშრომელი თბილისის მასშტაბით გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებს: მცენარეების რგვას, ხეების მოჭრას, გადაბელვას, ბაღ-სკვერების მოვლასა და სხვა მსგავს ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში შესარულებენ. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას მიღებული გამოცდილება და იქ დასაქმებული თბილისელების მოსაზრებების გაზიარება, რადგან მისი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და თბილისელების დასაქმებაა. შესაბამისად მისი ყველა ქმედება და აქტივობა დასაქმებაზეა ორიენტირებული.
დასაქმების მსურველთა ბაზა თბილისის მერიაში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება.
გიგი უგულავამ გამწვანების თანამშრომლებთან ერთად დენდროლოგიურ პარკში დღეს 100 ძირი ხე დარგო. გამწვანების ღონისძიებები პარალელურად მთელი თბილისის მასშტაბით ყველა პარკსა და სკვერში მიმდინარეობს, რაც თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რეკრეაციული ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის. ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის ინიციატივით, ქალაქში ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის 60 000-მდე ხე დაირგო.